საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერს იუბილე მიულოცა.
„მსურს დიდი პატივისცემა გამოვხატო ბატონი როინ მეტრეველისადმი, მივულოცო მას 80 წლის იუბილე და ჯანმრთელობა ვუსურვო. გავიხსენებ მის განსაკუთრებულ
მხარდაჭერას, როდესაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი რექტორობის დროს იმუნოლოგიის კათედრა იქმნებოდა. მე გახლავართ ამ მიმართულების პირველი კურსდამთავრებული. ბატონი როინის მიერ დაწყებული საქმე დღესაც წარმატებით გრძელდება“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში აკადემიკოს როინ მეტრეველის ავტობიოგრაფიული წიგნის „წარსულის გახსენება“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მისი მოგონებები, ბავშვობის დროიდან დღემდე, არის თავმოყრილი.