საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსის გამოცხადების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის ელჩი ვიქტორია ჰორვატი უძღვებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უნგრეთის საელჩო საქართველოში აცხადებს მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსს ილუსტრატორებისთვის, რომელიც თემატურად სულხან-საბა ორბელიანის ,,სიბრძნე სიცრუისას“ იგავ-არაკებს უკავშირდება. კონკურსი უნგრელი ხელოვანის მიხაი ზიჩის შემოქმედებას ეძღვნება და მისი მიზანია უნგრული და ქართული თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტების წახალისება, მათი შემოქმედებითი კავშირების განვითარება, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.
კონკურსის პირობები გამოქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. მონაწილეები საკუთარი ნამუშევრების წარდგენას 2020 წლის 1 იანვრიდან, 31 მარტის ჩათვლით შეძლებენ. კონკურსის გამარჯვებული,საქართველოში უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით, სამი კვირით საერთაშორისო სახელოვნებო ბანაკში გაემგზავრება.
უნგრელი ხელოვანის მიხაი ზიჩის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. იგი არის ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ავტორი. მხატვრის ნამუშევრები საქართველოს მუზეუმებშია დაცული.