საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით ქართველი მეცნიერების შეკრებას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების მიზანია კოორდინაციის გაძლიერება საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებს შორის, რათა საქართველოს, კავკასიისა და, ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების, კულტურათა და რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის მეცნიერულად იქნას შესწავლილი და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოს, კავკასიისა და რეგიონის შესახებ.
ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მეცნიერების განვითარება და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც გაზრდილი ბიუჯეტითაც არის გამოხატული. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ძალთა გაერთიანებას გულისხმობს, სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.
ორბელიანების სასახლეში შეკრებილმა სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველოს პრეზიდენტს თავიანთი ხედვები გააცნო და აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი მიმართვის ხელმოწერის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.