განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშში, ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სოფლისა და რეგიონის მოსახლეობას სოფელ ქვეშის სკოლის განახლება მიულოცა: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან გავხსენით ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა. ჩემთვის, როგორც საქართველოსა და აშშ-ს ორმაგი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს პროექტი ამერიკელი ხალხის დახმარებით განხორციელდა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ამერიკის არმიის ინჟინერთა კორპუსს, ამერიკის საელჩოს ამ პროექტის განხორციელებისათვის. როგორც მოგეხსენებათ, განათლება და ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რადგან მხოლოდ კარგად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.“
სოფელი ქვეშის საჯარო სკოლა, სადაც 247 მოსწავლე სწავლობს, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლიდან ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სრულად გარემონტდა სამსართულიანი შენობა, განახლდა ინტერიერი, შეკეთდა კიბეები და სახურავი, განხორციელდა გარე ფასადის საიზოლაციო სამუშაოები, გარემონტდა საპირფარეშოები, დამონტაჟდა წყლის, საკანალიზიაციო და გათბობის ახალი სისტემები და ელექტროგაყვანილობა. ასევე, მოეწყო სკოლის ეზო და შეკეთდა სანიაღვრე სისტემა. ახლადრეაბილიტირებული შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
სოფელი ქვეშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ფინანსურად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული, კატასტროფისა და სამოქალაქო დახმარების (OHDACA) ფონდმა უზრუნველყო აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში.
სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ანდრია გვაზავა და სკოლის დირექტორი, ლელა ბიბილური.