განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“ მიმდინარეობს. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები 11 ნომინაციაში ჯილდოვდებიან, ასევე დაწესებულია 10 სპეციალური პრიზი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნომინაციაში - 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში, დააჯილდოვა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, რომელმაც ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. ასევე, მინისტრმა სპეციალური პრიზი გადასცა წლის საუკეთესო ვეტერან სპორტსმენს, ნონა გაფრინდაშვილს, რომელიც გასულ წელს ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მიხეილ ჩხენკელი (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი): „2019 წლის სპორტული სეზონის შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. 1 200-ზე მეტი მედალი საერთაშორისო ტურნირებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, 6 მსოფლიოს ჩემპიონი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, 7 ოქროს, 9 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედალი და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილი მეორე ევროპულ თამაშებზე. ჩვენი უმთავრესი გამოწვევა 2020 წელს ტოკიოში გასამართი ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშებია. სამინისტრო, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და სპორტულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოს მთავრობის უპირობო მხარდაჭერით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართული დელეგაცია ტოკიოში ღირსეულად წარდგეს. ჩვენი ხელისუფლების, სამინისტროს, პირადად ჩემი სახელით კვლავაც თანადგომასა და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სპორტულ საზოგადოებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საქმიანობაში.“