საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, სოფელ მაღაროსკარის საჯარო სკოლის პანსიონის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
ახლადრეაბილიტირებული პანსიონი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ მოინახულეს.
80 მოსწავლეზე გათვლილი პანსიონის შენობა 1976 წელს აშენდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის „მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან“ 465 797 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო საძინებლები, სველი წერტილები და სამზარეულო. პანსიონის რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სანინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით 2018 წელს, ასევე განხორციელდა სკოლის შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილები, პანდუსი, შეიცვალა საკლასო ოთახის კარები, რეაბილიტირდა შენობის სახურავი, საჭიროებიდან გამომდინარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა საკლასო ოთახებში.
განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.