საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამუშაო შეხვედრა გამართა პოლონეთის დელეგაციასთან, რომელსაც ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის (KSAP) დირექტორი ვოიჩეხ ფედერჩიკი ხელმძღვანელობს. პოლონეთის დელეგაცია საქართველოში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ინიციატივითა და მხარდაჭერით სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში ჟვანიას სკოლის 15 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ჟვანიას სკოლას შორის, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება და განხორციელდება ერთობლივი სატრენინგო პროგრამები ქართველი და პოლონელი საჯარო მოხელეებისათვის, განვითარდება სასწავლო რესურსები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას.
შეხვედრაზე მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, რომელთა წინაშეც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები დგანან საჯარო მმართველობის ტრანსფორმაციის მიმართულებით.