საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაოსნო სასწავლებლის "Portsmouth College"-ის ხელმძღვანელობასთან, რომელთანაც მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ბათუმისა და ფოთის პროფესიული განათლების ცენტრებსა და ბრიტანულ სანაოსნო კოლეჯ Portsmouth-ს შორის დაიწყება თანამშრომლობა. მომავალი პარტნიორი ორგანიზაციები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა გაცვლითი პროგრამა.
აღსანიშნავია, რომ Portsmouth კოლეჯი არის დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ცნობილია მაღალტექნოლოგიური გარემოთი და მისი კურსდამთავრებულები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.