ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა ბრიტანეთის საბჭოს რეგიონულ დირექტორთან ჯოანა ბურკთან და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სავაჭრო დესპან, ვინტერბორნის ბარონესა ემა ჰარიეტ ნიკოლსონთან, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.
საუბარი შეეხო საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამას „შემოქმედებითი ნაპერწკალი“. მხარეებმა ამ პროგრამის განვითარების ახალი პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების სფეროში ინგლისური ენის სწავლების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის შესწავლის ციფრული სასწავლო პლატფორმის გამოყენება გახდება შესაძლებელი.
ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ წარმოადგენს სამეწარმეო განათლების პროგრამას უმაღლესი სასწავლებლებისთვის. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობას სამეწარმეო უნარებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში.
პროგრამის განხორციელება 2018 წელს დაიწყო და მასში უკვე ჩართულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისი სახელმწიფო კონსერვატორია, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, „შემოქმედებითი საქართველო“, და სხვა ორგანიზაციები.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი "Big Idea Challenge", რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესიდეების განვითარებასა და წახალისებას. კონკურსი ორი ეტაპად წარიმართა. ადგილობრივ დონეზე გამარჯვებულმა ქართველი სტუდენტების პროექტმა „საპო“ საერთაშორისო ეტაპზეც გამარჯვება მოიპოვა, კატეგორიაში „კრეატივი“.