საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ორენოვანი სანოტო კრებულის „ქართული სიმღერა-თამაშები“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც სამინისტროსა და ა(ა)იპ „სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ მხარდაჭერით გამოიცა.
ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ქართულ ენაზე გამოცემული სანოტო კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაახლოებით 15 წელია მუშაობს ინკლუზიური განათლების განვითარებაზე. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ზოგადი განათლების საფეხურზე, 10 000 - მდე საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, დაახლოებით 500 მოსწავლეს აქვს სმენის პრობლემა. მნიშვნელოვანია, ამ ბავშვების განვითარების და განათლების პროცესები ადრეულ ასაკში მოხდეს. სმენის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი სერვისების, საგანმანათლებლო და არაფორმალური რესურსების არსებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სახელმძღვანელო არის პირველი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ამ ბავშვებს დაეხმარება განათლებასა და განვითარებაში. სამინისტრო 2020 წელსაც განიხილავს და დააფინანსებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის საინტერესო პროექტებს. მოხარული ვარ რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ასევე ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ადგილობრივი ფონდების ჩართულობით“.
„ქართული სიმღერა-თამაშები“ პირველი სანოტო კრებულია, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზე არის დაფუძნებული. სიმღერა-თამაშების შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ: გერმანიაში მოღვაწე მუსიკათერაპევტი, ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი და მისი ასისტენტები – საქველმოქმედო ფონდის ,,აი ია“ გუნდის წევრები და კომპოზიტორები – სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია. კრებულის შექმნის იდეა მათი ყოველდღიური პროფესიული საქმიანობის დროს გაჩნდა. ვინაიდან ყველა სიმღერა-თამაში, რომელიც ბენეფიციარებთან გამოიყენებოდა, გერმანულიდან უხეშ თარგმანს წარმოადგენდა, თერაპიის პროცესში იმპროვიაციების შედეგად ბუნებრივად იქმნებოდა ახალი - ქართული ენისთვის ორგანული სიმღერა-თამაშები. სწორედ ამ იმპროვიზაციებმა მისცა ბიძგი ავტორებს ქართულ ენაზე გამოეცათ სიმღერა-თამაშების კრებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
„ქართული სიმღერა-თამაშები“ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დაწესებულებას საჩუქრად გადაეცემა. მისი პრაქტიკაში გამოყენება შეეძლებათ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრების სპეციალისტებს, ასევე, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ტიპური განვითარებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე მუსიკის მასწავლებლებს. კრებული საჩუქრად გადაეცემა გერმანიის ქალაქ ვიტენში მდებარე ნორდოფ-რობინსის ცენტრსაც.
საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ 2016 წლის 14 აპრილს ბიზნესმენმა ივანე ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდი საქართველოში მცხოვრები სმენადარღვეული ბავშვებისთვის სრულფასოვანი რეაბილიტაციის მოდელის შემუშავებისა და დანერგვისთვის შეიქმნა.