სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში, კურსის მონაწილეებს ლექცია ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ წაუკითხეს. მათ სპორტის მარკეტინგის მნიშვნელობასა და მის მზარდ როლზე ისაუბრეს. გარდა ამისა, კურსის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ლექციის მსმენელებს მისასალმებელი სიტყვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტ სოლუშენის“ ხელმძღვანელმა, შოთა გოგიტაურმა მიმართეს.
„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის კურსი 21 იანვარს დაიწყო და 29 იანვარს დასრულდება. კურსი მოიცავს ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას თანამედროვე სპორტის მარკეტინგის შესახებ. კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ოფიციალური სერთიფიკატი, რომელიც სპორტის მარკეტინგის სფეროში მათ კვალიფიკაციას დაადასტურებს.
პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტ სოლუშენისა“ და „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ეგიდით ხორციელდება. საქართველო რიგით მე-16 ქვეყანაა, სადაც სკოლამ ოპერირება დაიწყო.