საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებს ბრაილის შრიფტით აწყობილი და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი ახალი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები გადასცა.
227 442 ლარის ღირებულების 186 ბრაილის შრიფტით აწყობილი და 15 რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი სასკოლო სახელმძღვანელოს ადაპტირება სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ უზრუნველყო.
„საქართველოში უსინათლოთა და მცირემხედველთა ერთადერთი სკოლა მთლიანად აღიჭურვა ახალი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით, რომლებიც ბრაილის შრიფტზეა ადაპტირებული და რელიეფურ ნახატებსაც მოიცავს. შესაბამისად, მოსწავლეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ტექსტის სახით, ასევე, მიეცემათ საშუალება სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალები ტაქტილური შეხების მეშვეობით აღიქვან,“ – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ყველა მოსწავლისთვის საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. ამ მიმართულებით, სამინისტრო ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ქვეპროგრამას ახორციელებს.
თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას დაწყებითი, I-IV კლასის მოსწავლეებს რელიეფური და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები უკვე გადაეცათ. სკოლის მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებრივ საქმიანობებში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით სასწავლო პროცესში აქტიურად არის ჩართული სპეცპედაგოგი, ასევე, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, მობილობის ტრენერი და ფსიქოლოგი.
უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები მონაწილეობენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ. მათთვის საგამოცდო მასალაც ბრაილისა და მსხვილ შრიფტზეა ადაპტირებული.