საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს პროგრამას, რომელიც სომხეთთან რეფორმების გატარების საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, თბილისში სემინარები იმართება, რომელიც ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემაში საქართველოს მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს ასევე, სფეროში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ეხება.
აღნიშნულ სემინარებს, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომდგენლები, სფეროში მომუშავე გამოცდილი ექსპერტები ატარებენ, სომხეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში არსებული მდგომარეობის წინასწარი მოკვლევის საფუძველზე, სომხური მხარის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის მიმართ გამოიკვეთა. შესაბამისად, სემინარების ფარგლებში, პირველი შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, თამარ ქიტიაშვილთან გაიმართა.
მინისტრის მოადგილემ სესიაზე ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა პროფესიული განათლების სისტემაში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე. თამარ ქიტიაშვილმა ასევე უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.