საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან ვახტანგ ცაგარელთან და ირაკლი კაცაძესთან ერთად ლიონში (საფრანგეთი) პროტონული თერაპიის საერთაშორისო სიმპოზიუმში (ISOP 2020) მიიღო მონაწილეობა, სადაც საფრანგეთსა და ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, რადიაციული თერაპიის თანამედროვე მეთოდების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. მათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი და მისი მნიშვნელობა განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ პროტონული თერაპიის საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართა. ამ სიმპოზიუმზე დეტალურად განვიხილეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი და მისი განვითარების საკითხები.
ადრონული თერაპიის ცენტრი მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ, რომელმაც 40 მილიონი ევროს ქველმოქმედება განახორციელა. ეს არის ნაწილი იმ ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციისა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეგა-პროექტისთვის განახორციელეს.
ადრონული თერაპიის ცენტრში ჩვენ გვექნება ორი ციკლოტრონი. ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში სიმსივნის მკურნალობის თვალსაზრისით. მეორე ციკლოტრონი კი მოხმარდება სამეცნიერო-კვლევით პროცესს ონკოლოგიაში, ზოგადად მედიცინაში, სამედიცინო ფიზიკასა და ბირთვულ ფიზიკაში.
ამ სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყვნენ ევროპის - გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ცნობილი მეცნიერები, რომლებიც ძალიან დაინტერესდნენ ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტით და გამოთქვეს მზაობა, რომ აქტიურად ჩაერთონ ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში.“
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიასთან IBA (Ion Beam Applications S.A.) პარტნიორობით დაფუძნდება, რასაც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.
ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. ხოლო სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა. იგეგმება, რომ საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.
IBA-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წლის 28 იანვარს შევიდა ძალაში, რაც ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის – Proteus®ONE solution – შეძენასა და გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს. პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა. დანადგარები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით და სამედიცინო ცენტრებში განთავსდება. პროტონული თერაპიის კლინიკა პირველ პაციენტებს 2024 წელს მიიღებს და იქნება ერთადერთი რეგიონული მასშტაბით, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება.
IBA (Ion Beam Applications S.A.) არის გლობალური სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო ლიდერი კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს პროტონული თერაპიის დანადგარებს ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ და დიაგნოსტირებისათვის. პროტონული თერაპია არის რადიაციული თერაპიის თანამედროვე სწრაფად განვითარებადი ფორმა და ის საუკეთესო სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს სიმსივნის მრავალი სახეობისთვის.