საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინე აბულაძემ სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენლობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანს განათლების კომპლექსურ რეფომაში ევროპის საინვესტიციო ბანკის სამომავლო ჩართულობის განხილვა წარმოადგენდა.
მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო სისტემური რეფორმის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
"განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვა და ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარება მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან აუცილებელია, საქართველოში მიღებული განათლება აკმაყოფილებდეს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია რეფორმის პროცესში კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთოს,"- განაცხადა ირინე აბულაძემ.
შეხვედრაზე სტუმრებმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრეს და მზაობა გამოხატეს აქტიურად ჩაერთონ რეფორმის განხორციელებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, თუ განათლების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული პროექტების მეშვეობით.
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა კიდევ 150 ქვეყანაში ოპერირებს. ის ერთადერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც პოლიტიკურად პასუხისმგებელია ევროკავშირის წინაშე. ევროპის საინვესტიციო ბანკის პრიორიტეტული სფეროებია კლიმატი და გარემო, ინოვაცია და უნარები, მცირე ბიზნესი და ინფრასტრუქტურა. 2007 წლიდან ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში 23 მასშტაბური საინვესტიციო პროექტი განახორციელა ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარების, ასევე, ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.