კოლეჯის „სპექტრი“ და სკოლა - პანსიონის „აიბი მთიები“ ერთობლივი საანგარიშო ღონისძიება „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გაიმართა.
კოლეჯი „სპექტრი“ და სკოლა - პანსიონი „აიბი მთიები“, სკოლის მოსწავლეებისათვის ფართო საგანმანათლებლო და შემეცნებითი გარემოს შექმნის მიზნით, 2019 წლიდან თანამშრომლობენ და მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ერთობლივ პროგრამას ახორციელებენ.
კოლეჯის მიერ ინიცირებული პროფესიული განათლების სასკოლო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა ინფორმაცია 24 პროფესიის შესახებ მიიღეს. პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მე-8, მე-12 კლასის 30 მოსწავლე იყო ჩართული. 2 თვის განმავლობაში მათ საშუალება ჰქონდათ შეეძინათ როგორც პრაქტიკული ასევე, თეორიული ცოდნა და გარკვეული უნარ-ჩვევები შემდეგ პროფესიებში: ელექტროობა, შრომის უსაფრთხოება და თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების სპეციალისტი.
„აიბი მთიებში“ გამართულ საანგარიშო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა სასწავლო პროცესში გადაღებული დოკუმენტური ხასიათის ვიდეო. ჩვენების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობის და გარკვეული პროფესიული უნარ-ჩვევების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.
პროფესიული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რაც აქამდე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა.