ახალი სასწავლო წლიდან კოლეჯ „ბლექსის“ ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო ბაზა ქედაში პირველ სტუდენტებს მიიღებს, სადაც პირველ ეტაპზე მეფუტკრეობის მიმართულების პროფესიული პროგრამა ამოქმედდება. კოლეჯი მსურველებს ასევე შესთავაზებს მომზადება-გადამზადების კურსებს მასპინძლობისა და საოჯახო მეურნეობის მართვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვას იწყებს, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზსა და სისტემაში დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება. აღნიშნული პროცესის მიზანია საქართველოს კვალიფიკაციების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, პროფესიული განათლების მოდერნიზაცია და საერთო ევროპულ სივრცეში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციების გადახედვის პროცესში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორი და დარგობრივი ასოციაციები.
გლდანის პროფესიულმა კოლეჯმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა, სადაც ოცდათხუთმეტმა ბიზნესკომპანიამ შრომის ბაზარზე აქტიური 500-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან.
12 ივლისიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.