შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა პირველ სტუდენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.
შიდა ქართლის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ კასპში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი აშენდა. კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან მსურველებს საინჟინრო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობისა სხვა მოთხოვნადი მიმართულებების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს. პროექტი სრულად დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. შენობა 260 სტუდენტზეა გათვლილი და აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მოქმედ კოლეჯ „აისის“ ტერიტორიაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სასწავლო სახელოსნოს აშენებს. მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და უახლოეს მომავალში დასრულდება.