საქართველო
წარდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციის - „მშვიდობა და სპორტი“ (Peace and Sport) 2020 წლის პრემიაზე, ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ინიციატივა“.
საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციამ, საქართველოს კანდიდატურა, განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების
ერთობლივი ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღესთან (6 აპრილი) დაკავშირებული ონლაინ-აქტივობებისთვის
გამოარჩია.
მარჯვენა მხარეს, შესაბამის ველში (Vote for the April6
Initiative of the Year) შევარჩევთ N 3 - საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შეგვყავს მონაცემები და ვადასტურებთ
ღილაკით - I VOTE.
ხმის მიცემა უკვე დაიწყო და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით, გამარჯვებულის
დაჯილდოების ცერემონია კი კოვიდ-პანდემიის მიზეზით, ასევე ციფრულ ფორმატში,
დეკემბრის შუა რიცხვებში (14-18 დეკემბერი) გაიმართება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად,
ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ინიციატივა“ წარდგენილნი არიან - ძიუდოს
საერთაშორისო ფედერაცია, კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტი, ორგანიზაცია „სპორტი
სიცოცხლისთვის“ (პალესტინა) და პორტუგალიის განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის
საქმეთა და სპორტის სახელმწიფო აპარატი.
საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 2020
წელს სპორტის საერთაშორისო დღე - 6 აპრილი, კოვიდ-პანდემიის მიზეზით
ონლაინ-აქტივობების რეჟიმში აღინიშნა. გამორჩეული იყო 3 ძირითადი მიმართულება -
„მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“, თეთრი ბარათების კამპანია, სპორტული თემატიკის ესსესა და ხატვის კონკურსი
მოსწავლეებისთვის.
კამპანიაში ჩართულები იყვნენ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები,
საქართველოს ნაკრების წევრები, ტიტულოვანი სპორტსმენები, სხვადასხვა სპორტული
ფედერაციის წარმომადგენლები, მათ შორის - ლაშა ტალახაძე, ვარლამ ლიპარტელიანი,
ნინო სალუქვაძე, ლუბა გოლოვინა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და სხვები.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველო მეშვიდედ შეუერთდა გაეროს ინიციატივას,
რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და
განვითარებისკენაა მიმართული.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 6 აპრილი (თანამედროვე ოლიმპიური თამაშების გახსნის
დღე - ათენი, 1896) სპორტის საერთაშორისო
დღედ 2013 წელს გამოაცხადა. საქართველოს კანდიდატურა ორგანიზაციის „მშვიდობა და
სპორტი“ ნომინაციაში - წლის საუკეთესო ინიციატივა, ზედიზედ მეორედ დასახელდა.