ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.
შესაბამისად, ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 წელს ბაკურიანში
გაიმართება, სადაც მონაწილეობას ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის
სპორტის 8 სახეობაში მიიღებენ.
28 ნოემბერს განათლების,
მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა, სადაც
მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა
ირაკლი ჭირაქაძემ და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა ფესტივალთან
დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
შალვა გოგოლაძე
(საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): „ზამთრის ოლიმპიური
თამაშების მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და აღიარებაა, თუმცა ამავდროულად
არის დიდი გამოწვევა რამდენიმე მიმართულებით. ქვეყანა ღირსეულად უნდა დახვდეს ამ უდიდეს
სპორტულ ღონისძიებას, რისთვისაც სამინისტრო ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და მთის კურორტების
განვითარების კომპანიასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. პირველ რიგში, ბაკურიანში
უნდა მოვაწყოთ შესაბამისი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, ჩვენს ახალგაზრდა ოლიმპიელებს
კი მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა სრულფასოვნად მოემზადონ და შესაძლებლობების მაქსიმუმი
გამოავლინონ ამ სპორტულ ღონისძიებაზე. საქართველოს უკვე აქვს მაღალი დონის სპორტული
ღონისძიებების მასპინძლობის კარგი გამოცდილება, მათ შორისაა 2015 წლის ზაფხულის ევროპის
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელმაც საერთაშორისო სპორტული საზოგადოებისა და
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 2025 წელს კი ჩვენი
ქვეყანა კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე. ვულოცავ საქართველოს ამ
დიდ აღიარებას“.
მამუკა ხაბარელი
(ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი): „მთავარი მოტივაცია
და მიზანი, როგორც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის, ასევე ჩვენი მთავრობისათვის
გახლავთ არა მხოლოდ ის, რომ უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ფესტივალი, არამედ ის, რომ განვავითაროთ
ზამთრის სპორტი ჩვენს ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ მიმართულებით.
ეს პროექტი ასევე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ როგორც სპორტული ტურიზმი, ასევე ზოგადად
ტურიზმი განვითარეს ჩვენს ქვეყნაში, ოლიმპური ფესტივალის პერიოდში მთელი ევროპის ყურადღება
საქართველოსკენ იქნება მომართული, რაც უმნუშვნელოვანესი ფაქტორია.
სამთო-სათხილამურო მიმართულებით ბაკურიანის ტრასები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო
სტანდარტებს. დაგეგმილია ბაკურიანის ცნობილი ტრამპლინის რეაბილიტაცია, რაც საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება, ასევე დამუშავებულია პროექტი
ბიატლონის ტრასის მშენებლობისთვის. ოლიმპიური ფესტივალისთვის საჭიროა ორი ყინულის მოედანი
და შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ერთი მოედანი ბაკურიანში, ხოლო მეორე
მოედანი თბილისში აშენდება“.
ირაკლი ჭირაქაძე (მთის კურორტების განვითარების
კომპანიის დირექტორი): „ბოლო პერიოდში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხროციელდა
და პროცესი ამ ეტაპზეც გძელდება. როგორც ცნობილია, საქართველო 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის
მასპინძელი ქვეყანაა სათხილამურო სპორტის სახეობებში და ამ მიმართულებითაც დაწყებულია
მზადება.
პანდემიის მიუხედავად, 3 ახალი საბაგირო რეკორდულ დროში დასრულდა, ასევე მიმდინარეობს
სხვადასხა მოსამზადებელი სამუშაოები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ინფრასტრუქტურა საბოლოო
ჯამში დარჩება ქვეყანას. მთის კურორტები ყალიბდება იმისათვს, რომ უმასპინძლოს ნებისმიერი
დონის და რანგის საერთაშორისო შეჯიბრს, ხოლო ინფრასტრუქტურა შემდგომ მოხმარდეს ზამთრის
კურორტების განვითარებას.“
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ბაკურიანის კანდიდატურის
წარდგენის გადაწყვეტილება 2019 წლის 30 ივლისს გამართულ აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე
მიიღო. 2020 წლის თებერვალში, საქართველოში EOC
-ის შემფასებელი კომისიის წევრების ვიზიტის და ოფიციალური შეხვედრების შემდეგ კი,
კომიტეტის ხელმძღვანელობამ, წინასწარ დადგენილ ვადებში, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს
პროტოკოლით გათვალისწინებული დოკუმენტების პაკეტი წარუდგინა.
საქართველოს მთავრობასთან, შესაბამის სამინისტროებთან, EOC-ის შესაბამის სამსახურთან,
ზამთრის სახეობების ფედერაციებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან მუშაობის შედეგად, ერთობლივი
ძალისხმევით მთავარი მიზანი ამ ეტაპისთვის მიღწეულია - საქართველო 2025 წლის მასშტაბური
სპორტული ღონისძიების მასპინძელია.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველომ წარმატებულად უმასპინძლა ევროპის ზაფხულის
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, სადაც სპორტის 9 სახეობაში 50 ქვეყნის 3 500-ზე მეტი
სპორტსმენი მონაწილეობდა.
ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის თბილისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები
განხორციელდა, აშენდა ახალი სპორტული დარბაზები და გარემონტდა არაერთი არსებული ობიექტი,
საქართველომ კი განსაკუთრებული გამოცდილება მიიღო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების
საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
ამჯერად, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, აუცილებელია
ბაკურიანში ზამთრის სპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, მასშტაბური თანამედროვე
სასრიალო ტრასების გამართვა და ასევე, ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალი სპორტული მიზნებისთვის
მომზადება ზამთრის სახეობებში.