საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, აცხადებს კონკურსს „როგორ დავიცვათ ქართული ენა". კონკურსის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების X-XI კლასის მოსწავლეები, ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად შეიმუშავებენ პროექტების კონცეფციებს ქართული ენის დაცვის თემაზე. კონკურსის სასკოლო ტურში გამარჯვებული ნამუშევრების საფუძველზე, შესაბამის სკოლაში განხორციელდება საგანმანათლებლო პროექტი, რის შესახებაც, სკოლა ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება I, II, III ადგილებზე გასული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები და ასევე, ჟიურის 7 ნომინაცია. გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია, მოსწავლეებმა კონცეფციების სახით ჩამოაყალიბონ და წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები, იდეები პროექტისთვის - როგორ უნდა დავიცვათ ქართული ენა; დასახონ სახელმწიფო ენის დაცვისა და პოპულარიზაციის გზები. ასევე, გამოავლინონ და გაიმყარონ ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარები.
პირობები
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების X-XI კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მოსწავლეს;
- მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია ქართული ენის, ქართული დამწერლობის შესახებ. მოძიებული მასალის გამოყენებით, უნდა შეიმუშავონ კონცეფციები;
- კონცეფცია შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის;
- კონცეფცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას;
- კონცეფცია მითითებული უნდა იყოს ავტორის/ავტორების სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება;
- კონცეფცია შესაძლებელია შესრულებული იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ხელნაწერის სახით.
შეფასების კრიტერიუმები
- წარმოდგენილი კონცეფცია უნდა შეესაბამებოდეს გამოცხადებული კონკურსის თემას;
- კონცეფციაში წარმოდგენილი საკითხი/პრობლემა უნდა იყოს აქტუალური საკონკურსო თემატიკის ფარგლებში;
- კონცეფციაში გამოკვეთილი უნდა იყოს დასახული მიზნისა და პროექტის მოსალოდნელი შედეგის ურთიერთკავშირი;
- აზრი გადმოცემული უნდა იყოს ორიგინალურად და ლაკონიურად;
- ტექსტი გამართული უნდა იყოს გრამატიკულად და შინაარსობრივად.
შენიშვნა: მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა არ გამოიყენონ ინფორმაციის მექანიკური კოპირება და წარმოადგინონ დამუშავებული ინფორმაციის გადმოცემის საკუთარი ინტერპრეტაცია;
ვადები:
- სასკოლო ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა და გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების შესაბამის რესურსცენტრში წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 26 მარტისა.
- მუნიციპალური ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა და მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების სამინისტროსთვის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 2 აპრილისა.