საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნუნუ მიცკევიჩმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან, Horizon Europe ეროვნული ოფისისა და რუსთაველის ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, აგრარული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობის საკითხები განიხილა, რაც მეცნიერებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
ამ მიზნით სამუშაო შეხვედრა ჯიღაურას კვლევით ცენტრებში გაიმართა, სადაც მონაწილე მხარეები ადგილზე გაეცნენ იმ შესაძლებლობებს, რაც მომავალში ეროვნულ დონეზე ახალი საგრანტო კონკურსების გამოცხადებასა და მასში სამეცნიერო წრეების ჩართულობას გაზრდის. ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების სადემონსტრაციო ბაზაზე შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების ფარგლებში წარმოებული პროდუქტების საგამოფენო ნიმუშებს, რაც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ცენტრის ბაზაზე პროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ.
უწყებებს შორის თანამშრომლობითა და რუსთაველის ფონდის აქტიური ჩართულობით შეხვედრის ფარგლებში აგრარული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ეროვნულ დონეზე მიზნობრივი საგრანტო კონკურსების მომზადება დაიგეგმა. Horizon Europe-ის ოფისის წარმომადგენლობა კი ქართველ მკვლევართა ჯგუფებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ევროკავშირის საგრანტო კონკურსებისათვის პროექტების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.
„სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მიზანია ქართველ მეცნიერთა ხელშეწყობა აგრარული და სოფლის მეურნეობის მიმართულების საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე Horizon Europe-ის მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით ისარგებლებენ, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად არაერთ ღონისძიებას ახორციელებს“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
„სამინისტროების შორის მჭიდრო თანამშრომლობა დადებითი შედეგის მომტანი იქნება. ეს ჩვენ გაგვაძლიერებს იმ მიმართულებით, რომ ჩვენს მეცნიერებს მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაერთონ საერთაშორისო კვლევებში. ამასთანავე, გააძლიერებს ჩვენს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. შეიქმნა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში კი მოეწყო ევროპული სივრცეები, რომლებიც Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების მისიას შეასრულებენ. ასევე, განახლდა და გაძლიერდა პროგრამის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით.