განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სკოპიეს უნივერსიტეტის ამერიკულ კოლეჯს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნულ მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და სკოპიეს უნივერსიტეტის ამერიკული კოლეჯის რექტორმა მარიან ბოჯაძიევმა მოაწერეს.
ეკატერინე დგებუაძემ სკოპიეს უნივერსიტეტისა და მაკედონიის საელჩოს წარმომადგენლებს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ქართული უნივერსიტეტებისა და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მემორანდუმი საქართველოსა და მაკედონიას შორის განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს და ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური საქმიანობის სფეროში კავშირების დამყარებას. თანამშრომლობა ასევე გულისხმობს პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და სასწავლო მასალისა და რესურსების შექმნა-გაზიარებას.
დოკუმენტით გათვალისწინებული საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტების ერთობლივი სტიპენდია განკუთვნილი იქნება მხოლოდ ქართველი სტუდენტისთვის, რომლებიც სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის პროგრამაზე სწავლობენ. აღნიშნული სტიპენდიის ფინანსურ ვალდებულებას მთლიანად ჩრდილოეთ მაკედონიის მხარე იღებს.