თბილისში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) რეგიონული წარმომადგენლობა დაფუძნდა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ქვეყნების სტუდენტებს, დოქტორანტებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს გერმანიის უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან სამეცნიერო კავშირების გაღრმავების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დაფუძნების ცერემონიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის სახელით განათლებისა და მეცნიერების ყველა დონეზე უწყვეტი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, DAAD-ის რეგიონული ოფისი კიდევ უფრო გააღრმავებს სამეცნიერო კავშირებს სამხრეთ კავკასიასა და გერმანიას შორის. რეგიონული თანამშრომლობა თავის მხრივ ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმისათვის, რომ სტუდენტებმა, დოქტორანტებმა და მკვლევრებმა სწავლა მდიდარი აკადემიური ისტორიის ქვეყანაში გააგრძელონ:
სიტყვით გამოსვლისას ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და DAAD-ის წარმატებული თანამშრომლობაზე, მათ ერთობლივ პროექტებსა იმ აქტივობებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც მეცნიერების განვითარებისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და DAAD-ს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა რამდენიმე ათეული წელია გრძელდება. DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის მუშაობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. მათ შორის – ქართულ და გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას, გერმანული მხარის ჩართულობით ინტერნაციონალური ერთობლივი პროგრამების განხორციელებას საუნივერსიტეტო დონეზე, ინფორმაციის გავრცელებას გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობების, აგრეთვე DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებისა და გერმანიაში დაფინანსების მოპოვების შესახებ, DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებისათვის კონკურსების, ასევე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სემინარების ორგანიზებას სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის და სხვა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ს შორის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა - Rustaveli-DAAD Fellowships 2016 წელს გაფორმდა, რაც ქართველ ახალგაზრდა პოსტდოქტორანტებსა და დოქტორანტებს გერმანიაში სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებაში ეხმარება. საგრანტო კონკურსი ყველა სამეცნიერო მიმართულებას მოიცავს.
DAAD გერმანიის უმაღლეს სასწავლებელთა გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც აკადემიურ სფეროში სამეცნიერო ხასიათის გაცვლას უზრუნველყოფს. ის 1925 წელს დაარსდა.