საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კომპეტენტური ინოვაციების კონკურსში (CIF) გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადასცა.
კომპეტენტური ინოვაციების ფონდის პირველი კონკურსი მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ჩატარდა. რეიტინგულ სიასა და ხელმისაწვდომ ბიუჯეტზე დაყრდნობით, დაფინანსება 13-მა უნივერსიტეტმა მოიპოვა – CIF-ის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამურად 2,1 მილიონი აშშ დოლარი გაიცემა.
CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება. კომპეტენტური ინოვაციების კონკურსი ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში არის უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან.
აღსანიშნავია, რომ პირველი საგრანტო კონკურსი 2022 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა – ჯამში გაკეთდა 30 განაცხადი. კონკურსში მონაწილეობდა 14 სსიპ (მათ შორის 8 რეგიონული) და 7 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამოცხადება 2023 წლის სექტემბერში იგეგმება.