განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, სტუდენტებთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამას დეტალურად გაეცნენ.
პროგრამის პრეზენტაციის წარდგენისას გიორგი ამილახვარმა სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტს ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება, მათი პროფესიონალიზმის გამოვლენა და საჯარო სექტორში მოტივირებული კადრების მოზიდვა წარმოადგენს.
პრეზენტაციის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია უშუალოდ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრისგან მიეღოთ.
პირველ ეტაპზე შეხვედრა ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. უახლოეს მომავალში კი, მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგიონებისა და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის დაწყებიდან პირველივე წელს უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას ყველა საჯარო დაწესებულებაში, რომელზეც ვრცელდება სტაჟირების მარეგულირებელი ნორმები. კერძოდ, 2024 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო უწყებებში დაახლოებით 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას სასურველ რეგიონში.
პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეოთხე კურსის სტუდენტებს. მონაწილეთა შერჩევა 2024 წლის ივლისში დაიწყება – საჯაროდ გამოქვეყნდება ვაკანსიები, მოთხოვნები და კრიტერიუმები, შემდეგ კი დაიწყება განაცხადების მიღების პროცესი.