საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ვახტანგ ბააკაშვილთან ერთად, დმანისის ახალგაზრდულ ცენტრს ესტუმრა, სადაც პროექტის „აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი“ მონაწილეებთან შეხვედრა გამართა.
ნოდარ პაპუკაშვილი დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდობის მხარდამჭერ ინიციატივებსა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ესაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პროექტის მონაწილეებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
პროექტი „აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით ხორციელდება.
პროგრამა ოთხდღიანია და პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. პროექტი ხუთ ნაკადად 200-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.