თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველკურსელთა და სტუდენტთა მიღება გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. მან პირველკურსელებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ პერსონალს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 10, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი. მინისტრის მოადგილემ მათ, თსსუ-ს რექტორ, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან ერთად, შესაბამისი სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ კახაძე, სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციებისა და თსსუ-ს წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ 2024-2025 სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 600-მდე აბიტურიენტი ჩაირიცხა. თსსუ უკვე 100 წელზე მეტია ემსახურება საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების საქმეს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი მსურველებს სთავაზობს დიპლომამდელ (ერთსაფეხურიან, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო), დიპლომის შემდგომ და უწყვეტი პროფესიული განვითარების, სამედიცინო და პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების მრავალფეროვან არჩევანს.