საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის – Change School-ის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ბაია კვიციანმა ბრიტანულ მხარეს საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრის მოადგილემ საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უმაღლესი განათლების მასშტაბურ რეფორმაზე, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი სამთავრობო კომისია მუშაობს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც Times Higher Education-მა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა. დოკუმენტი განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გასაღრმავებლად და ქმნის მყარ საფუძველს ტრანსნაციონალური განათლების შემდგომი განვითარებისთვის.
მხარეებმა ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ბრიტანულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ KIU რეგიონში გამორჩეული უნივერსიტეტია, რომელიც სრულად ინგლისურენოვან პროგრამებს ახორციელებს და სტუდენტებს მაღალი ხარისხის MBA პროგრამებს სთავაზობს.
შეხვედრის დასასრულს ბრიტანულმა მხარემ ბაია კვიციანს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროგრამების განვითარების მზაობა დაუდასტურა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი ზაზა ფურცელაძე, Change School-ის განვითარების დირექტორი ნილ მარშალი, EMBA პროგრამის მენეჯერი ნარინ გიშიანი და Change School-ის კოორდინატორი საქართველოში სალომე გეგუჩაძე.
აღსანიშნავია, რომ Change School არის გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომლის გლობალური ქსელი მოიცავს 39 ქვეყანას. ორგანიზაცია სთავაზობს მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამებს და თანამშრომლობს დიდი ბრიტანეთის წამყვან ბიზნესსკოლებთან.