2025-2026 სასწავლო წლისთვის სრულად რეაბილიტირებული სკოლების ჩამონათვალს კიდევ სამი საჯარო სკოლა დაემატა.
ვანის N1, ზუგდიდის N2 და N11 საჯარო სკოლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დაათვალიერა.
მინისტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო სივრცეებს გაეცნო და სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
სამივე საჯარო სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები, მოეწყო საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, კომპიუტერული ოთახი, ბიბლიოთეკა, სააქტო და სპორტული დარბაზი.
სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.
ვანის N1, ზუგდიდის N2 და N11 საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჯამური ღირებულება 18 730 000 ლარზე მეტია.
