საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმა გააცნო.
მინისტრის მოადგილემ ინფრასტრუქტურასთან, საკადრო პოლიტიკასა და დაფინანსების მოდელებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, იმ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომლებსაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა გულისხმობს. როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, მთავარი მიზანია, რეფორმა სრულად პასუხობდეს ქვეყნის საჭიროებებს და განხორციელდეს ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოსთან თანამშრომლობის მრავალწლიან პოზიტიურ გამოცდილებაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს პროექტზე ადამიანური კაპიტალის შესახებ „Human Capital Program Pillar“, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გაძლიერება და განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერა. მათი თქმით, გამოწვევები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციისას დაასახელა, თანხვედრაშია მსოფლიო ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ საკითხებთან. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა ფართომასშტაბიანი რეფორმის განხორციელების სრული მხარდაჭერა გამოხატეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი, მსოფლიო ბანკის გლობალური დირექტორი განათლების მიმართულებით ლუის ბენვენისტე, განათლების სექტორის ხელმძღვანელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რიტა ალმეიდა და განათლების სექტორის სპეციალისტები: ანა ბერძენაძე, რენატა ლემოსი, კორნელია ჯესი.