საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი ეფრემის საჯარო ლექციას „სულიერება თანამედროვე ეპოქაში“ დაესწრო.
მინისტრის პირველმა მოადგილემ არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ დელეგაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში, ათონის წმინდა მთის, მონასტრებისა და სულიერი ცენტრების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
საგულისხმოა, რომ არქიმანდრიტი ეფრემი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეოთხედ ეწვია და ათონის მთის ვატოპედის მონასტრის სახელით თსუ-ს გარკვეული კატეგორიის სტუდენტებს სწავლის წლიური გადასახადი რამდენჯერმე დაუფინანსა. საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ არქიმანდრიტმა სტიპენდია მრავალშვილიანი ოჯახის წევრ ათ სტუდენტს დაუნიშნა.
წინამძღვრის ვიზიტთან დაკავშირებით, თსუ-ს მუზეუმში ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ძველნაბეჭდი საეკლესიო წიგნები, აგრეთვე, ათონის წმინდა მთის მონასტრების საქმიანობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომები გამოიფინა.
ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის საჯარო ლექციას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ვატოპედის მონასტრის დელეგაცია, ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ ლექციაზე, არქიმანდრიტმა ყველა დაინტერესებული სტუდენტის შეკითხვას უპასუხა.