საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აჰმედ ალნუაიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზები და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.
გივი მიქანაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.
თავის მხრივ, აჰმედ ალნუაიმმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.
