საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ნიკოლაი როგაშჩუკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
გივი მიქანაძემ ბელარუსის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ნიკოლაი როგაშჩუკს საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე არსებული სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, განსაკუთრებული ყურადღება კი უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე გაამახვილა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.
თავის მხრივ, ნიკოლაი როგაშჩუკმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მასპინძლობისთვის და დადებითად შეაფასა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები.
