საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2025” გამარჯვებულები დააჯილდოვა.
მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ბაია კვიციანმა პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი მასშტაბური კონკურსების ჩატარება, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ თანამედროვე მიღწევებსა და გამოგონებებს.
დაჯილდოების ცერემონიაზე თითოეულ მართულებაში გამოვლინდა I, II და III ადგილის გამარჯვებულები. საპრიზო ადგილის მფლობელებს ეძლევათ შესაძლებლობა მეტად განავითარონ უნარები WorldSkills-ის რიგით 48-ე საერთაშორისო კონკურსისთვის, რომელიც 2026 წლის 22–26 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიმართება.
კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, კონკურსის მიმართულებები გადანაწილდა სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცესა და რეალურ სამუშაო გარემოში.
WorldSkills-ის საერთაშორისო კონკურსი 89 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია განსაკუთრებული უნარების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების აღიარება.
WorldSkills International-ის მისიაა ხელი შეუწყოს პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას მსოფლიო მასშტაბით. საქართველო WorldSkills-ს 2012 წელს შეუერთდა და დღეს უკვე მისი სრულუფლებიანი წევრია.