დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელი ოკუპირებული აფხაზეთიდან წარჩინებული სტუდენტი გიორგი გამისონია გახდა, რომლის დაჯილდოებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი დაესწრო. გამარჯვებულს შესაბამისი სერტიფიკატი სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გადასცა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბაია კვიციანმა, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტებისთვის სწავლის საუკეთესო მოტივაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი.
გიორგი გამისონიამ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, გალის რაიონის სოფელ საბერიოს საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ამჟამად ის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია და როგორც 2025-2026 სასწავლო წლის დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიანტი, ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 600 ლარს მიიღებს.
დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.
2025-2026 სასწავლო წლიდან ყველა სტიპენდიანტი გაზრდილ სტიპენდიას თვეში 600 ლარის ოდენობით მიიღებს.