საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მასპინძლობს ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას - “მეტი დაფინანსება საჯარო განათლებას”, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
გივი მიქანაძემ კონფერენციის ფარგლებში საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების ეროვნული კონცეფციის ძირითად მიმართულებებზე და ამ კუთხით სამუშაო პროცესში მასწავლებელთა აქტიურ ჩართულობაზე.
მინისტრმა ხაზი გაუსვა პედაგოგთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების მნიშვნელობას. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, დასკვნით ეტაპზეა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის სამუშაო პროექტი.
კონფერენციის მონაწილეებმა, კითხვა-პასუხის ფორმატში, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.
საერთაშორისო კონფერენცია მსოფლიოს განათლების პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება “განათლების ინტერნაციონალი” (EI) და “ევროპის განათლების პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანების (ETUCE) ორგანიზებით იმართება და მასში EI-ისა და ETUCE-ის წევრი ქვეყნების განათლების პროფკავშირის ლიდერები და ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ.