საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
მინისტრმა ქართველი ისტორიკოსის გამორჩეულ მოღვაწეობაზე ისაუბრა და საიუბილეო თარიღის ეროვნულ დონეზე, ღირსეულად აღნიშვნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.
სხდომის წევრებმა ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების კონცეფციის, პროგრამის, დაგეგმვის, საორგანიზაციო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების საკითხები განიხილეს.
სხდომას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.