საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გაეროს ეგიდით გამართულ ინტერნეტ-მმართველობის მე-10 ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ზვიად გაბისონიამ სიტყვით გამოსვლისას თანამედროვე სამყაროში ინტერნეტ-მმართველობის მნიშვნელობასა და ციფრული ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განათლების სისტემის განვითარებისთვის, ელექტრონული ტექნოლოგიები ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას, აკადემიური თავისუფლების გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
ინტერნეტ-მმართველობის ფორუმზე, რომელსაც დარგის ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: საერთაშორისო ციფრული კავშირები და ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები; ხელოვნური ინტელექტი და საქართველოს ინოვაციური მოდერნიზაცია; ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ქსელის განვითარება და ინტერნეტ ხელმისაწვდომობა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეროს ეგიდით ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი 20 წელია იმართება. წელს საქართველოში ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.