პროექტის „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში დებატების მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მიიღო მონაწილეობა.
ბაია კვიციანმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარმატებულ მომხსენებლებს სერტიფიკატები გადასცა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დებატების კულტურის
მნიშვნელობაზე თანამედროვე განათლების სისტემაში. მისი თქმით, დებატები ხელს უწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, არგუმენტირებული მსჯელობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებას.
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართეს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ.
პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს დებატების კლუბის გამოცდილმა ხელმძღვანელებმა და პედაგოგებმა
საკუთარი გამოცდილება და მიღწეული შედეგები პრეზენტაციის სახით წარუდგინეს. მომხსენებლებმა განიხილეს დებატების ტექნიკისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მნიშვნელობა, ასევე მათი როლი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, დებატების კლუბები შეიქმნა კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით დებატები, როგორც არჩევითი საგანი, ისწავლება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიც.