„ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა“ წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ საპარტნიორო პროგრამას, რომლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2023 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული „განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
აშშ-ის საელჩოს მიერ 2027-2028 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება სწავლა აშშ-ის უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სხვადასხვა აკადემიური მიმართულებით. კანდიდანტთა შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით, რომელსაც უძღვება აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილება.
პროგრამის პირველადი სპონსორია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა ბიურო (ECA), ხოლო საქართველოში მას თანასპონსორობას უწევენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ბანკი და სს „საქართველოს კაპიტალი“.
პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სტიპენდიების საბჭოს (William Fulbright Foreign Scholarship Board) მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიუროსთან (ECA) თანამშრომლობით. განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (IIE) უზრუნველყოფს შერჩეული სტიპენდიანტებისთვის შესაბამისი აკადემიური პროგრამების შერჩევას აშშ-ის უნივერსიტეტებში.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ პირობებს:
- ფლობს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს;
- ფლობს ინგლისური ენის შესაბამის დონეს, რომლითაც მას საშუალება მიეცემა ისწავლოს აშშ-ში, სამაგისტრო პროგრამაზე;
- განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს აშშ-ს J-1 ვიზის მოთხოვნები, რომელიც ასევე მოიცავს, რომ სტიპენდიანტი სწავლის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინიმუმ 2 წლით;
- აშშ-ში სწავლის დაწყებამდე, განმცხადებელმა დამაკმაყოფილებლად უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება;
პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლიათ:
- სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე;
- მწვანე ბარათის, აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელებს ან სხვა პირებს, რომლებსაც სურთ აშშ-ში მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება სხვა გზით.
დამატებითი ინფორმაცია სავალდებულო დოკუმენტაციის, მოთხოვნებისა და შერჩევის ეტაპების შესახებ იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://ge.usembassy.gov/fulbrightgraduatestudent/
განაცხადების მიღება წარმოებს 2026 წლის 1 ივლისამდე