სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტებსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას რეალურ სამუშაო გარემოში გაივლიან და მიღებულ აკადემიურ ცოდნას პრაქტიკაში განიმტკიცებენ.
ხელმოწერის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა, სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
როგორც ზვიად გაბისონიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მემორანდუმი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია განათლების სფეროსა და საჯარო სერვისებს შორის ეფექტიანი კავშირის გასაძლიერებლად. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ იუსტიციის სახლში გაეცნონ, რაც მათ პროფესიულ განვითარებისა და შრომის ბაზარზე დასაქმების მყარ საფუძველს მისცემს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში მოქმედ 16 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმდა, რომელთაგან 9 სახელმწიფო, ხოლო 7 კერძო უნივერსიტეტია.
ახალი ინიციატივა ითვალისწინებს ახალგაზრდების მხარდაჭერას როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თანაბარ ხელმისაწვდომობას ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, სტუდენტებს საკუთარ რეგიონში დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.