საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა ქუთაისში გამართული საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ლევან ღირსიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე ინიციატივებზე ისაუბრა. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა პრიორიტეტად მიიჩნევს ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას ყველა საზოგადოებრივ სფეროში.
საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
ფორუმის ფარგლებში მონაწილე ახალგაზრდებმა წარადგინეს პრეზენტაციები საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების შესახებ. ასევე გაიმართა დისკუსიები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მენტალური ჯანმრთელობა ციფრული ინოვაციების ეპოქაში.
საერთაშორისო ფორუმი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები 7 ქვეყნიდან - საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა, პოლონეთი, მოლდოვა, საბერძნეთი და ყაზახეთი.
ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ღონისძიებას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.