დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია შეხვედრებს აგრძელებს.
მინისტრის მოადგილე The Cambridge Trust-ის პარტნიორობისა და კომუნიკაციის მიმართულების დირექტორ მირანდა უილიამსონს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა მკვლევრებისა და მაგისტრატურის სტუდენტთა თანადაფინანსების საკითხებს, ერთობლივი კვლევითი პროგრამების შემუშავების შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჩართულობას.
მირანდა უილიამსონმა მზაობა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს ერთობლივი კვლევითი პროგრამების განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების საერთაშორისო შესაძლებლობებს.
ზვიად გაბისონიამ შეხვედრა ასევე გამართა Cambridge Judge Business School-ის გლობალური განვითარების დირექტორ რიჩარდ ევერიტთან. მხარეებმა უმაღლესი განათლების სისტემაში ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვაზე, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ზვიად გაბისონიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოზე და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებათა კონვენციას.
ქართული დელეგაციის წევრებმა უნივერსიტეტის კომპიუტერის ისტორიის ცენტრში ტექნოლოგიების განვითარების ამსახველი უნიკალური ექსპოზიცია დაათვალიერეს.
მინისტრის მოადგილეს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის განათლების მრჩეველმა ქეით გიდენსმაც უმასპინძლა. შეხვედრის მონაწილეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ზვიად გაბისონიამ ქეით გიდენსს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები და განათლების ხარისხის განვითარების ახალი ხედვა გააცნო. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებიც განათლების სისტემის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრებში მონაწილეობდა ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში და სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელი ზაზა ფურცელაძე.