საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში თელავში იმყოფებოდა, სადაც ინკლუზიური განათლების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მათ შორის მშობლებმა და განათლების სფეროს სპეციალისტებმა, ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს.
მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მშობელთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე, მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული მხარდაჭერის გაძლიერებაზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა შეუფერხებელ ტრანზიციაზე განათლების სხვადასხვა საფეხურს შორის, ასევე სკოლამდელი განათლების ეტაპზე ინკლუზიური სერვისების განვითარებასა და დანერგვაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ფოკუს-ჯგუფის ფორმატში დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მოსწავლეთა წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები განიხილეს და მათი ეფექტიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
მშობელთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ექვს მუნიციპალიტეტში „პოზიტიური მშობლობის“ სესიებს ჩაატარებს.
ქალაქ თელავში გამართულ შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.