განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის ახლად რეაბილიტირებული 76-ე საჯარო სკოლა გახსნეს და სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები და კეთილმოეწყო შენობის გარე სივრცე. შენობას დაემატა ორი ახალი ფლიგელი. სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. დამონტაჟდა ახალი საინჟინრო და უსაფრთხოების სისტემები.
შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი და პანდუსი. სკოლაში ასევე მოეწყო ორი გარე სპორტული მოედანი და შიდა სპორტული დარბაზი.
თბილისის 76-ე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ ლარამდეა.
მინისტრებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას ახალ გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ, პარლამენტის წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა, საკრებულოს წევრმა მამუკა ხაბარელმა, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შონიამ.