საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს ახალგაზრდა თაობის განათლებასა და აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
თამარ მახარაშვილმა პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიის არჩევისა და საქმისადმი მრავალწლიანი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მათი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს ახალი სახელმძღვანელოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით მათგან მოსაზრებებისა და უკუკავშირის მიღება.
ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ნადიმ ვარშანიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა მასწავლებლების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას ემსახურება.
მასწავლებლის ეროვნული დღე ტრადიციულად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.