საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავდა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ახალი სტრატეგია. ახალი სტრატეგიის ფარგლებში ქართული ენის შესწავლას სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში, ეროვნული უმცირესობები სხვადასხვა ღონისძიებებით შეძლებენ, რომელიც მოიცავს, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალური განათლებას.
სტრატეგიას განახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში.
პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ითვალისწინებს სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებაზე მიმართულ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ქართული ენის სწავლების თანამედროვე სასწავლო მასალების შექმნა, ყველა არაქართულენოვან სკოლაში ბილინგვური სწავლების დანერგვა, მასწავლებელთა გადამზადება, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში სხვადასხვა საგნის პედაგოგების გაგზავნა და ა.შ.
პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” რამდენიმე ასეულ სხვადასხვა საგნის სპეციალისტს გაგზავნის არაქართულენოვან სკოლებში. პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ სასკოლო საგანში. პროგრამის მონაწილე მიიღებს ყოველთვიურ ხელფასს. ამას გარდა, ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდებს, პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს მაგისტრატურაში სწავლას. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილეობა ყველას ჩაეთვლება სკოლაში პედაგოგად მუშაობის სტაჟში. პროგრამის მონაწილეები იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და რეგიონში დარჩებიან ერთი აკადემიური წლის მანძილზე (10.09.2011-დან 16.06.2012-მდე). სკოლაში გაგზავნამდე, ყველა მონაწილე გაივლის სპეციალურ მომზადებას პედაგოგიკის პრინციპებში.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია >>
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 25 ივნისი.