საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყება მიულოცა. მინისტრმა მიმართვაში აღნიშნა, რომ 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად იწყება, მაგრამ ეს დროებითია; იმისათვის, რომ თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს ბუნებრივ სასკოლო გარემოს საჭიროა მასწავლებლების, მოსწავლეთა მშობლების და მთლიანად საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს – შპს „მაგთიკომს“, შპს „ვიონ საქართველოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას შეძლებენ.
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებსა და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ ის სიახლეები გააცნო, რომლებიც ინკლუზიური განათლების კუთხით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაინერგება.