ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს "Portsmouth College"-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში მხარეები იმუშავებენ ერთობლივ პროექტებზე და განახორციელებენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამას. შესაბამის შეთანხმებას ხელი ბათუმში მოეწერა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ტრანსპორტის სააგენტოსა და ორგანიზაცია "English Book Education"-ის წარმომადგენლები. მხარეებმა სამუშაო შეხვედრაც გამართეს, რომლის დროსაც საუბარი შეეხო თანამშრომლობის დეტალებსა და სწავლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და "Portsmouth College"-ს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას, რაც მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ქართველ სტუდენტებს მიეცემათ შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.
ქართულ და ბრიტანულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელისა და "Portsmouth College"-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ "Portsmouth College" არის დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ცნობილია მაღალტექნოლოგიური გარემოთი და მისი კურსდამთავრებულები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.